საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით
მოლაპარაკებების დაწყებაზე კონკრეტული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადყოფნას გამოთქვამს.
"მზად ვართ დავიწყოთ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საუბარი, როგორც კი რუსეთის ხელისუფლება დაგვანახებს, რომ ის მართლაც მზადაა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დაგვანახებს, რომ მის მიერ გაცხადებული ინიციატივა გულწრფელ საფუძვლებს ეყრდნობა" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ რუსეთი დეოკუპაციის პროცესს დაიწყებს და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს.
კალანდაძის განცხადებით, თუ რუსეთი აპირებს საქართველოს ტერიტორიაზე სამი საელჩოს შენარჩუნებას - "მაშინ გუშინდელი განცხადებებით ახალი არაფერი თქმულა."
რაც შეეხება რუსეთის ინიციატივას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, კალანდაძის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება რუსეთს შეუძლია ნებისმიერ დროს მიიღოს და მას ამ საკითხზე საქართველოს თანხმობა არ სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ რუსეთი მზად არის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს. მისივე განცხადების თანახმად, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს.
ამავდროულად რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან ცალკეულ პირობებსა და შეთავაზებებზე "ადეკვატურ რეაქციას" ელოდება.
"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ვიყავით და ვრჩებით დაინტერესებული ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობების განმტკიცებისა. მზად ვართ საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნის საქართველოში სტუმრობისას. ვთავაზობთ ასევე, აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ შემოთავაზებებთან დაკავშირებით" – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაში.
