სოზარ სუბარის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურებას შედეგი აქვს
სოზარ სუბარის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურებას შედეგი აქვს
13:31 06.09.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლა.

როგორც საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა გარკვეულ პროცესებს აჩერებს და შედეგი მოაქვს.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატებს „ქართული ოცნების“ 9 მხარდამჭერის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც სუბარმა აღნიშნა, კოალიციის მხარდამჭერები რუსული კომპანია „РАО ЕЭС“-ის შვილობილი კომპანია „ხრამჰესიდან“ გაათავისუფლეს.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სწორედ რუსული კომპანიის შვილობილი კომპანიიდან იდევნებიან.

„როდესაც ამ ფაქტის შესახებ უწყებათაშორის კომისიას ვაცნობეთ, გვიპასუხეს, რომ გაარკვევდნენ საქმე სახელმწიფო კომპანიას ეხება თუ კერძოს. არმგონია, ეს ადეკვატური პასუხი იყოს, რადგან პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა დანაშაულია“-აღნიშნა სუბარმა.

მისივე თქმით, სწორედ დიპლომატებისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შედეგია ის, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის გარშემო შემოვლებული ხის ღობე აღარ არსებობს და კოალიციის შემომწირველების ქონებაზე გამოცხადებული აუქციონი შეჩერდა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დღეს „ქართული ოცნების“ ცენტარლურ ოფისში კოალიციის ლიდერები მაია ფანჯიკიძე, სოზარ სუბარი და ალექსი პეტრიაშვილი შეხვდნენ.

დღესვე, იგეგმება კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან ჯონ მაკკეინის ხელმძღვანლობით.


ბეჭდვა