ვაშაძე - არგენტინა ლათინური ამერიკის რეგიონიდან პირველი მერცხალია
ვაშაძე - არგენტინა ლათინური ამერიკის რეგიონიდან პირველი მერცხალია
12:16 06.09.2012
არგენტინა ლათინური ამერიკიდან საქართველოში პირველი მერცხალია, რადგან პირველად მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია თბილისს - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ არგენტინის პირველ დიპლომატთან ჰექტორ ტიმერმანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არამხოლოდ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოშია, არამედ ის ლათინური ამერიკის ყველა ქვეყნის საგარეო სამეთა მინისტრებს შორის პირველია. საქართველო და არგენტინა ორმხრივ ურთიერთობებს და ამისთვის სამართლებრივი ბაზის შექმნას იწყებენ“ - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ჰექტორ ტიმერმანმა აღნიშნა, გლობალურ სამყაროში ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი საუბარი და დიალოგი ყოველგვარი შუამავლების გარეშე შედგეს.

„დღეს ვიწყებთ დიალოგს საქართველოსთან და ის მოიცავს არამხოლოდ ორმხრივ თანამშრომლობას, არამედ მრავალმხრივ ურთიერთობას, თანამშრომლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან იმ მიზნით, რომ ეს სამყარო უკეთესი გახდეს“ - განაცხადა ტიმერმანმა.

მისი თქმით, დღევანდელი ვიზიტი და პირდაპირი საუბარი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს პოზიცია და რეგიონის პრობლემატიკა უკეთესად იქნეს აღქმული.

„ეს რეგიონი ძალიან შორს არის ჩემი ქვეყნიდან, თუმცა, ახლოსაა ჩემს გულთან“ - განაცხადა ტიმერმანმა.

მისი თქმით, არგენტინა ერთ-ერთი წამყვანი სახლემწიფოა სოფლის მეურნეობის დარგში და მას ამ სფეროს განვითარებაში საქართველოს დახმარება შეუძლია.

ამასთანავე, შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და არგენტინას შორის ტურიზმის, განათლებისა და ბიზნეს სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ამბასადორიალის ფარგლებში იმყოფება, რომელიც უკვე მეორე დღეა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს.

ბეჭდვა