არგენტინა ნებისმიერი კონფლიქტის დიალოგისა და მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას უჭერს მხარს - ამის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰექტორ ტიმერმანმა დღეს თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მხარს ვუჭერთ დიალოგს და უარს ვამბობთ ომზე ნებისმიერი მხრიდან. არგენტინა მხარს უჭერს დიალოგის პრინციპს და ამის შესაძლებლობა არსებობს“ - აღნიშნა ტიმერმანმა.
არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კონკრეტულად არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ კონფლიქტთან დაკავშირებით არგენტინის პოზიცია მისი მშვიდობიანი გზით მოგვარებაა.
ამასთანავე, მისი შეფასებით, აუცილებელია გაეროს პოზიცია გააქტიურდეს და მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ.
არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდება.
