საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მთავრობათაშორის კონფერენციაზე „თბილისი+35“, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებს ეძღვნება სიტყვით გამოვიდა.
როგორც სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია არ ჩატარებულა.
„ჩვენი მტერი ძალიან ბევრს ეცადა და ახლაც ცდილობს რუკიდან საქართველოს ამოშლას, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იღებს“-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე ამბსადორიალსაც გამოეხმაურა და მის მასშტაბურობასა და უცხოელი სტუმრების წარმომადგებლობითობას გაუსვა ხაზი.
„მთელი მსოფლიო ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენს ელჩებს დაუდგეს გვერდით და საქართველოს დაეხმარონ. გლობალურად რამხელა გახდა ტერიტორიულად ჩვენი პატარა ქვეყანა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის რაღაც, რაც მის სრულიად განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. ეს არის ის მიღწევები, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ“-განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული პრობლემებისა, ხელისუფლებამ ბევრ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც უცხოელი სტუმრების საქართველოთი დაინტერესებას იწვევს.
მთავრობათაშორისი კონფერენცია - „თბილისი+35“ გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს.
