ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დელეგაცია, რომელიც საქართველოს დღეს ეწვევა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში ამერიკის საელჩოდან აცნობეს,
დაგეგმილია შეხვედრა კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებთან.
სენატორები შეხვედრას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთანაც გამართავენ.
საელჩოს ინფორმაციით, მხარეები აშშ-საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ.
სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს, 1986 წლიდან აშშ–ის სენატის წევრია. ის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის წევრია. აღნიშნული კომიტეტი აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტსა და აშშ–ის შეიარაღებულ ძალებს ზედამხედველობს.
დელეგაციაში ასევე, სენატორები ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი შედიან. სენატორი ლიბერმანი სენატის შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა. ასევე, შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის უფროსი წევრი.
სენატორი გრემი კი, სენატის ასიგნებათა ქვეკომიტეტის წევრია. ასიგნებათა ქვეკომიტეტი აშშ-ის საგარეო დახმარებას კურირებს. გრემი სენატის შეიარაღებული ძალების, სასამართლოს საქმეთა და ბიუჯეტის კომიტეტების წევრიცაა.
სენატორების საქართველოში ვიზიტი ორდღიანია და ისინი ქვეყანას 7 სექტემბერს დატოვებენ.
