ბიძინა ივანიშვილის თქმით, NDI -ის კვლევა, რომელიც მის პროგრამას შეეხება, რეალობას შეესაბამება
ბიძინა ივანიშვილის თქმით, NDI -ის კვლევა, რომელიც მის პროგრამას შეეხება, რეალობას შეესაბამება
17:59 05.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი NDI-ის კვლევის ერთ-ერთ თემას იმის თაობაზე, რომ რესპოდენტთა 66% მის გეგმებს არ იცნობს, რეალისტურს უწოდებს.

როგორც ივანიშვილმა დღეს, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, აღნიშნული მაჩვენებელი გასაკვირი არაა, რადგან საზოგადოება ნაკლებად იცნობს პარტიების პროგრამებს.

„დღეს საზოგადოებაში ისეთი განწყობა არაა, რომ პროგრამების მიხედვით შეაფასონ პარტიები. არ გამიკვირდებოდა ჩვენი პროგრამის შესახებ 80%-საც რომ არ სცოდნოდა, რადგან საზოგადოებაში სხვა განწყობაა. დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალში ასეთი მიდგომა შეიცვალოს. პოლიტიკოსების ნდობა ამაღლდეს და მხოლოდ პროგრამების მიხედვით მოხდეს პარლამენტში არჩევა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, NDI-მ არასწორი ფორმულირება მისცა იმ კითხვას, რომელიც არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის გეგმებს შეეხებოდა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საპროტესტო გამოსვლები და დაპირისპირება კოალიციის კურსი არ არის.

„კვლევის შედეგებს პირადად არ გავცნობივარ, საიდან აიღო NDI-მ ქუჩაში გამოსვლების შესახებ ჩემი განცხადება არ ვიცი. არასდროს გამიკეთებია მსგავსი განცხადება და ძალადობაზე არასდროს მისაუბრია. რაც შეეხება მიტინგებს, საუბარი იყო იმაზე, რომ თუ რაღაც მოხდება არჩევნებში ჩვენ გამოვიყვანთ ხალხს და პირდაპირ ქუჩაში დავათვლევინებთ მას, რაც არ გულისხმობს საპროტესტო გამოსვლებს, როდესაც ამას წერენ, ეს კორექტული არ არის“-აღნიშნა ივანიშვილმა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დაპირისპირების დაწყებას არ აპირებს.

NDI-ის კითხვაზე „ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის მოუწოდებს ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ, დაუჭერდით თუ არა მხარს“ - გამოკითხულთა 62%-ის პასუხი უარყოფითია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე - „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის დროს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.

ბეჭდვა