საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნების“ საარჩევნო პროგრამა დღეს პრესკონფერენციაზე თავად კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, პროგრამაზე მუშაობა 10 თვე მიმდინარეობდა. ივანიშვილის თქმით, პირადად ის არა მხოლოდ ამ პროცესში მონაწილეობდა, არამედ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წლის პროგრამასა და საქართველოს განვითარების სტრატეგიაზე მუშაობდა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და თავი მოუყარა მეცნიერებს, რომლებიც საქართველოს განვითარების სტრატეგიაზე მუშაობდნენ, საარჩევნო პროგრამაზე სამუშაოდ კი, „ქართულ ოცნებას“ შედარებით ნაკლები დრო დარჩა.
„აქ ვერ ნახავთ ვერაფერს ისეთს, რაც ჩვენს ხელისუფლებას, ოპოზიციას და ფსევდოოპოზიციურ პარტიებს არ უთქვამთ. პროგრამაში მთავარი აქცენტი ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე გავაკეთეთ. რეალურად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და სწორედ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ამის პრაქტიკა არ აქვს და სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო 20 წელია მოჯადოებულ წრეზე დავდივართ.
მისივე თქმით, პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება და დასაქმება.
ივანიშვილის განმარტებით, პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი როგორ უნდა შემცირდეს უმუშევრობა, როგორ გათავისუფლდეს მედია და ბიზნესი ხელისუფლების გავლენისგან და როგორ უნდა მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები.
რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სტრატეგიის შეცვლას არ აპირებს და გეზი ევროპისკენ აქვს აღებული.
მისივე თქმით, უსაფრთხოების მხრივ უმნიშვნელოვანესია ნატო-ში გაწევრიანება. ხოლო რაც შეეხება რუსეთთან თანამშრომლობას, მისივე თქმით, ურთიერთობები აუცილებლად უნდა დალაგდეს.
„ჩემი დიდი ოცნებაა, რომ შემდეგი არჩევნები პოლიტიკურ პარტიათა პროგრამების შედარებით ჩატარდეს, რათა არავის ჰქონდეს სპეკულაციის და ამომრჩევლის მოტყუების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, დღეისთვის, გარკვეული მიზეზების გამო, პროგრამების ჭიდილი არ შედგება“-განაცხადა ივანიშვილმა.
