კარლ ბილდტის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატები უფრო შინაარსობრივი უნდა იყოს
კარლ ბილდტის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატები უფრო შინაარსობრივი უნდა იყოს
17:21 05.09.2012
პოლონეთი საქართველოში საარჩევნო პროცესებს ზედმიწევნით ადევნებს თვალს - ამის შესახებ სასტუმრო „რედისონში“ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ  სიკორსკიმ საქართველოსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სიკორსკიმ აღნიშნა, მოხარულია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ამ მიმართულებით ცვლილებები განხორციელდა, ასევე, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალეობის გასაზრდელად სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული.

მისი თქმით, როგორც ხელისუფლების, ისევე, ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ევროპა და მთელი მსოფლიო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.

„უნდა აჩვენოთ სტანდარტი გამჭვირვალე არჩევნებისა. ეს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ღირებულებაა. მსოფლიოს უნდა ჰქონდეს იმის აღქმა, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანაა“ - განაცხადა სიკორსკიმ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების პროცესში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ოფისიც აქტიურადაა ჩართული.

სიკორსკის განცხადებით, 2 ოქტომბერი ყველასთვის მისაღები უნდა იყოს.


როგორც პრესკონფერენციაზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებს 2 ათასამდე საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უფრო მეტი დამკვირვებელი მოითხოვა, რაც პოზიტიურია.

„საქართველოში საარჩევნო პროცესებს თვალს ვადევნებთ. ამ მხრივ, ბევრი რამ არის გაკეთებული. იდეალური შედეგები არ არის, მაგრამ არსებული სტანდარტები უნდა გაუმჯობესდეს. ეს იქნება უფრო უკეთესი არჩევნები, ვიდრე მანამდე ჩატარებულა“ - განაცხადა კარლ ბილდტმა.

მისივე თქმით, 2012 წლის საარჩევნო გარემო უფრო კონკურენტულია, თუმცა, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატები უფრო შინაარსობრივი ხასიათის უნდა იყოს. ბილდტის განცხადებით, ხარისხისა და სტანდარტების თვალსაზრისით, საპარლამენტო არჩევნების უფრო უკეთესად ჩატარების მოლოდინი არსებობს.



ბეჭდვა