ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 66%-მა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა
ივანიშვილის გეგმების შესახებ არაფერი იცის.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, „27 მაისს თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა თქვა: „ჩემი პირველი განცხადებიდან 7 თვე გავიდა და გარწმუნებთ, ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც ვგეგმავდი და გააზრებული მქონდა“, კითხვაზე იცით თუ არა ივანიშვილის გეგმის შესახებ - დადებითად მხოლოდ რესპოდენტების 22%-მა უპასუხა. გამოკითხულთა ამ რაოდენობიდან 23% - მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს, 15% - სოფლის მეურნეობას, 11% - სიღარიბის დაძლევას, 6% - ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, 6% - არცერთს, ხოლო 5%-ტერიტორიულ მთლიანობას. მათგან ვინც ივანიშვილის გეგმის შესახებ საქმის კურსშია, 86% მხარს უჭერს ამ გეგმას, 11% კი, არა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე - „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. კვლევის დროს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით, 2 038 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილება პლუს-მინუს 3%-ია.
