„მეცხრე არხის” საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში მსოფლიოს წამყვანი მედიაწარმომადგენლები შედიან
„მეცხრე არხის” საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში მსოფლიოს წამყვანი მედიაწარმომადგენლები შედიან
16:20 05.09.2012
ტელეკომპანია „მეცხრე არხმა” საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო მსოფლიოში ცნობილი სახეებით დააკომპლექტა, რომლებიც არხს სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი აზრის თუ შეხედულების გამოხატვის უფლების დაცვაში დაეხმარებიან.

„მეცხრე არხის“ მრჩეველთა საბჭო ხუთი წევრისგან შედგება - საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის” საერთაშორისო კორესპონდენტი ლეს გელბი, ყოფილი კონგრესმენი, 11 სექტემბრის კომისიის თანათავმჯდომარე და „ვუდროუ ვილსონის ცენტრის” ყოფილი პრეზიდენტი ლი ჰამილტონი, CNN-ზე „ლარი კინგის შოუს” წამყვანი და ქველმოქმედი ლარი კინგი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი და ფრანგი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების საერთაშორისოდ აღიარებული დამცველი რობერტ მენარდი.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის კახა ბექაურის თქმით, მრჩეველთა საბჭოს წევრები არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვას უზრუნველყოფენ, ასევე, ისინი ტელეკომპანიას საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი აზრის თუ შეხედულების გამოხატვის უფლების დაცვაში დაეხმარებიან.

როგორც ლარი კინგმა აღნიშნა, „მეცხრე არხი“, როგორც ნებისმიერი სხვა ახალი და დამოუკიდებელი ახალი ამბების გამავრცელებელი ორგანიზაცია, საქართველოს ხელისუფლებისგან უპრეცედენტო გამოწვევებს აწყდება, რაც ხელს უშლის მის მისიას - ემსახუროს საქართველოს მოსახლეობას, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი საინფორმაციო წყარო.

„მისი ახალგაზრდა და იდეალისტური პერსონალი იმ ამერიკელებისა და ევროპელების მხარდაჭერას იმსახურებს, რომლებიც მათ მისიას იზიარებენ”-განაცხადა ლარი კინგმა.

მრჩეველთა საბჭოს წევრების თქმით, თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

ბეჭდვა