წყალტუბოს რაიონში სოფლის მეურნეობის კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორებისა და უმუშევრობის დაძლევის ერთადერთ გზად პოლიტიკური გაერთიანება
„თავისუფალი საქართველო“ რუსეთის ბაზრის გახსნას მიიჩნევს.
ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ, გაერთიანების წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ავთანდილ იოსელიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შალამბერიძის თქმით, წყალტუბო, როგორც კურორტი არ ფუქციონირებს, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგები, როგორიცაა მეჩაიეობა და მეხილეობა განადგურებულია, მემწვანილეობა კი, სულს ღაფავს ტრადიციული რუსული და ადგილობრივი ბაზრის დაკარგვის გამო. მისივე თქმით, გუმბრინის უნიკალური სამთო ქიმიური საწარმო თავისი სიმძლავრის 5%-ითაც კი ვერ ფუნქციონირებს.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ მოსახლეობის სიღატაკიდან გამოყვანის და მათი გადარჩენის ერთადერთი გზა რუსეთის ბაზრის გახსნაა, რათა ამ რეგიონის ტრადიციული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელსაც იქ რეკლამა არ სჭირდება, რუსეთში გავიდეს“-განაცხადა შალამბერიძემ.
მისი თქმით, ასევე, საჭიროა რუსეთის მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი წყალტუბოს კურორტი მათთვის თავისუფლად მისაწვდომი გახდეს, რაც დამსვენებლების დიდი რაოდენობით მოზიდვას, წყალტუბოს სანატორიული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.
