„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე ზურაბ ჯაფარიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს საერთაშორისო
იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს.
როგორც ჯაფარიძემ დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, ის აკრიტიკებს ქართული ღვინის დაბალ ხარისხსა და მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი გამონათქვამები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
„ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით დღეს კითხვები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშენკოს დარჩათ. საინტერესოა, რომ ეს განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ქართული ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპისა და აზიის ბაზარზე“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა, თითქმის, ყველა წამყვანმა საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტომ დადებითად შეაფასა. ამდენად, ჯაფარიძე ეჭვობს, რომ ივანიშვილის მსგავსი განცხადებები საერთაშორისო თანამეგობრობისა და ბიზნესწრეების თვალში საქართველოს დიკრედიტაციისკენ არის მიმართული. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობაზე უარყოფითად აისახება.
ჯაფარიძემ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა - თავი დაანებონ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვისკენ მიმართულ რიტორიკას და ქმედებებს.
