არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური პარტიების პროგრამების გაცნობის მიზნით ახალი ვებ-გვერდი შექმნეს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკური პარტიების პროგრამების გაცნობის მიზნით ახალი ვებ-გვერდი შექმნეს
13:06 05.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ეკონომიკური კვლევის ცენტრი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, „ლიბერალული აკადემია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინასაარჩევნოდ სპეციალურ პროექტს ახორციელებენ, რომლის მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მაქსიმალური ინფორმირებულობაა.

პროექტის ფარგლებში ვებ-გვერდი www.econpolicyfact.ge ამოქმედდა, რომელზეც პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები განთავსდება.

როგორც აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადეს, ვებ-გვერდის საშუალებით ამომრჩეველს შესაძლებლობა მიეცემა გაეცნოს პარტიათა პროგრამებს, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, მაკროენომიკური პოლიტიკის სფეროში და ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

„ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ურთიერთბრალდებები და დაიწყონ წინასაარჩევნო პროგამების პრეზენტაცია. პროექტი საშუალებას აძლევს მათ წარმოადგინონ საკუთარი ხედვა და შეთავაზებები საზოგადოების მიმართ და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ ამომრჩეველს“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტის ფარგლებში პარტიათა პროგრამების ექსპერტულ შეფასებას წარადგენენ და პოლიტიკური პარტიების დებატებს მოაწყობენ.

პროექტი USAID-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში წამყვანი პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაცია გაიმართება. ხვალ, საკუთარ ეკონომიკურ პროგრამას „ეროვნულ დამოკრატიული პარტია“ წარადგენს, შემდეგ „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, კოალიცია „ქართული ოცნება“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

ბეჭდვა