ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდნენ.
როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, რადოსლავ შიკორსკი და კარლ ბილდტი საქართველოში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ.
ივანიშვილის თქმით, უცხოელმა დიპლომატებმა „ყველაზე ძლიერი და რეალური ოპოზიციური გაერთიანებისგან“ ქვეყნის განვითარების სტრატეგია მოისმინეს.
„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობას და თანამშრომლობას მომავალშიც შეინარჩუნებენ.
„მათ დიდი მხარდაჭერა აღგვითქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველოში არჩევნები რეალურად დემოკრატიულად ჩატარდეს. იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო ხელისუფლების ჩანაცვლებას დემოკრატიული გზით შეძლებს“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ თავის მხრივ, მან ორი ქვეყნის მთავარ დიპლომატს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
