თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 65 მლნ აშშ
დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, ამ პირობის სანაცვლოდ, „ტავ ჯორჯიას“ თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა.
შესაბამისი ხელშეკრულება „ტავ ჯორჯიასა“ და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის უკვე გაფორმდა.
დამატებითი ინვესტიციის ფარგლებში კომპანია ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სრულ რეაბილიტაციას და გაგრძელება-გაფართოებას გეგმავს.
„ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ICAO-ს ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს, აღნიშნულ სამუშაოებზე კი, 700 ადამიანი დასაქმდება.
ამასთან, პირველად ამიერკავკასიაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს F კოდი მიენიჭება, რაც ნიშნავს, რომ ის ყველა ტიპის თვითმფრინავის, მათ შორის, მსოფლიოში ყველაზე დიდი Boing 748-8F-ის, Airbus A380-800-ის, Antonov 225-ისა და Antonov 124-ის მიღებას შეძლებს.
„ტავ ჯორჯია“ „ტავ აეროპორტების ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და ის საქართველოში 2005 წლიდან საქმიანობს.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გარდა, „ტავ აეროპორტების ჰოლდინგი“ ასევე ოპერირებას უწევს სტამბოლის, ანკარის, იზმირის, ალანიის საერთაშორისო აეროპორტებს თურქეთში, მაკედონიაში არსებულ 2 აეროპორტსა და ასევე 2 აეროპორტს ტუნისში. ჰოლდინგმა წელს საუდის არაბეთის მედინას აეროპორტის ოპერირებაც დაიწყო.
