ნატო-ში საქართველოს ელჩი გეგა მგალობლიშვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტს
პოლიტიკური მხარდაჭერის ნათელ გამოვლინებად აფასებს.
როგორც მგალობლიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ ამბასადორიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რასმუსენის ვიზიტი ცხადყოფს იმას, თუ რა ინტენსივობით მიმდინარეობს დიალოგი ჩიკაგოს ნატო-ს სამიტზე გაკეთებული გზავნილების განსახორციელებლად.
„ჩიკაგოს სამიტის შემდეგ, აღნიშნული ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხაზს უსვამს იმ დინამიკას, რაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ჩამოყალიბდა“ - განაცხადა მგალობლიშვილმა.
მისივე თქმით, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ რასმუსენის ვიზიტი წინ უსწრებს, იმ ფართომასშტაბიან წვრთნებს, რომელსაც შემოდგომაზე რუსეთი გეგმავს.
მგალობლიშვილის შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ალიანსი საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების საკითხს.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა-ამბასადორიალი, დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიხსნა. მასზე საპატიო სტუმრის სტატუსით ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სიტყვით გამოვა, რომელიც თბილისში ხვალ უნდა ჩამოვიდეს.
