არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი საქართველოს დღეს ეწვევა და თბილისში, ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას.
ტიმერმანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. დაგეგმილია, ასევე, შეხვედრები მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე სხვა საკითხებთან ერთად საუბარი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებას შეეხება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი მაღალი წარმომადგენლობის სტუმარი იქნება ლათინური ამერიკიდან. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტი ლათინურ ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას განაპირობებს.
არგენტინელი დიპლომატის ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.
