გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს და ფიჯის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ
გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს და ფიჯის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ
18:37 04.09.2012
საქართველოსა და ფიჯის ურთიერთობა განსაკუთრებულ ეტაპზე გადავიდა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ   ფიჯის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელთან რატუ ინოკე კუბუაბულასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საქართველო ყველგან ეძებს და პოულობს მეგობრებს.

„ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი მონაწილეობით, საქართველოსა და ფიჯის შორის ურთიერთობა განსაკუთრებულ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროებში“ - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ფიჯის ძალიან ბევრი რამ აკავშირებს და ერთ-ერთი არის რაგბი.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, ნოემბერში საქართველოს ფიჯის რაგბის ნაკრები ეწვევა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერისია და ქართველ რაგბისტებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ამასთანავე, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფო სამომავლო თანამშრომლობისთვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნას იწყებს.

როგორც კუბუაბულამ განაცხადა, სახელმწიფოებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების თვალსაზრისით საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია.

ბეჭდვა