უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ კამპანია „წართმეულია“ დაიწყო, რომლის ფარგლებში მან, თანამოაზრეებთან ერთად, ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილისთვის ჩამორთმეულ კომპანია „ალბატროსთან“ აქცია გამართა.
როგორც ცაგურიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, 1 წლის წინ, ხელისუფლებამ ბეგიაშვილი უკანონოდ დააკავა, თავისუფლების სანაცვლოდ კი, მის მფლობელობაში მყოფი კომპანიის დათმობას აიძულებდა.
„მოდულის შენობაში ბეგიაშვილს „ურჩიეს“, თავისი ნებით ეჩუქებინა ქონება მათთვის, რაზეც მან უარი განაცხადა. სწორედ ეს უარი გახდა მისთვის ქონების ჩამორთმევის და განიავების საფუძველი“-განაცხადა ცაგურიამ და დასძინა, რომ ბიზნესმენი, რომელიც იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეული, ამჟამად თავს შვეიცარიას აფარებს.
ცაგურიას მტკიცებით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომპანია „ალბატროსის“ მაღაზია ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ბიზნესმენის პირად ქონებას კი, ყადაღა ადევს.
ცაგურია აცხადებს, რომ ბეგიაშვილის შემთხვევა გამონაკლისი არ არის და კამპანია „წართმეულიას“ ფარგლებში ის მსგავსი აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.
