პარლამენტის ბიურომ საშემოდგომო სესია გახსნილად გამოაცხადა
პარლამენტის ბიურომ საშემოდგომო სესია გახსნილად გამოაცხადა
15:48 04.09.2012
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დღეს საქართველოს პარლამენტში სესია გახსნილად გამოცხადდა.

პარლამენტის ბიურომ, რომელსაც ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი ხელმძღვანელობდა, პატივი მიაგო ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაცისას დაღუპული შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ხსოვნას.

ბიუროს სხდომაზე სამი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, პარლამენტი და მთავრობა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს აქვს უფლება ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივები. თუმცა, გადაწყვეტილებები ამ ინიციატივებზე მიღებული იქნება მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ან ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყების შემდეგ.

„გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს პლენარული სხდომის მოწვევის უფლება აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე ბიუროს არ დაუდასტურებია სხდომის მოწვევის აუცილებლობა“-განაცხადა ხუროშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება, ხოლო საარჩევნო კანონმდებლობისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში, პლენარული სხდომები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მთავრდება.

ბეჭდვა