ინციდენტების ანალიზის მიხედვით, წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონში ფიქსირდება
ინციდენტების ანალიზის მიხედვით, წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონში ფიქსირდება
14:29 04.09.2012
არჩევნების პორტალ - www.electionsportal.ge-ზე, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ინფორმაცია 301 ინციდენტის შესახებ განთავსდა.

პორტალზე დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდის ინციდენტები დღეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე მიმოიხილეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პორტალზე განთავსებულ ინციდენტებს შორის ყველაზე მეტი - 198 ინცინდენტი ზეწოლის ფაქტებს ასახავს.

ასევე, პორტალზე აღრიცხულია ამომრჩევლის მოსყიდვის - 46, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 61 და სხვა სახის დარღვევების - 16 შემთხვევა.

რეგიონების მიხედვით, ინციდენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი - 62 დარღვევა კახეთის რეგიონში ფიქსირდება. ასევე, დიდი რაოდენობის დარღვევებია იმერეთში - 49, შიდა ქართლში - 44, გურიაში - 29 და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 27.

თბილისში ათივე საარჩევნო ოლქის შეჯამებული მონაცემებით, არჩევნების პორტალზე 43 ინციდენტია აღრიცხული. ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი - 26 დარღვევა გორში ფიქსირდება, გურჯაანში - 15, დედოფლისწყაროში - 13, ლანჩხუთში - 11, ქუთაისში - 11, კასპში - 10, ოზურგეთში - 10, ლაგოდეხში - 9, ზუგდიდში - 9 და საჩხერეშიც - 9.

პორტალზე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციის გარდა, მოქალაქეთა მიერ გაგზავნილი ინციდენტებიცაა დაფიქსირებული.

სარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევების შესახებ პორტალზე ინფორმაციის გაგზავნა ნებისმიერ მოქალაქეს უფასო SMS ნომერზე - 25 00 შეუძლია.


ბეჭდვა