ლაშა გვასალია - გულუას დაპირებები სამი დიდი კომპანიის შესყიდვის შესახებ, ბუტაფორია და წინასაარჩევნო „ტრიუკია“
ლაშა გვასალია - გულუას დაპირებები სამი დიდი კომპანიის შესყიდვის შესახებ, ბუტაფორია და წინასაარჩევნო „ტრიუკია“
14:12 04.09.2012
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი ლაშა გვასალია მიიჩნევს, რომ პარტიის საერთაშორისო მრჩევლის,  რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის მინდია გულუას დაპირებები სამი დიდი კომპანიის შესყიდვის შესახებ, ბუტაფორია და წინასაარჩევნო „ტრიუკია“.

საუბარია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას გუშინდელ განცხადებაზე, რომლის თანახმად, გულუა სამი დიდი კომპანიის -„ყაზტრანსგაზის“, „თბილისის წყლის“ და „თელასის“ ყიდვას გეგმავს, მიზანი კი, ტარიფების გაიაფება და მოსახლეობისთვის დაგროვილი დავალიანების ჩამოწერაა.

როგორც „ნიუსპრესს“ გვასალიამ განუცხადა, პარტიაში ყოფნისას მას მსგავსი ტყუილის შესახებ განცხადებები ბევრჯერ მოუსმენია და „განახლებული საქართველოსთვის“ სწორედ ამის გამო დატოვა.

„ბიზნესმენს, რომელიც მსგავს ნაბიჯს დგამს, ამ ბიზნესის დაცვისა და მფარველობის სერიოზული ძალა უნდა გააჩნდეს. ვიცით საქართველოში ყველაფერი როგორც ხდება. დარწმუნებული ვარ, მას ან ხელისუფლება მფარველობს ან ეს მორიგი ტყუილია“ - განაცხადა გვასალიამ და აღნიშნა, რომ გულუა უჭკუო ადამიანი არ არის, რომ ფინანსები ისეთ საქმეში „ჩაყაროს“, სადაც ძლიერი დაცვა არ ეყოლება, მისი პოლიტიკური პარტნიორი - „ქართული დასი“ კი, ასეთ ძალას არ წარმოადგენს.

„მიუხედავად ჯონდი ბაღათურიას პიროვნების მიმართ ჩემი პატივისცემისა, ის არ არის ძალა, რომელიც ამხელა ბიზნესს გაუწევს ლობირებას“-აღნიშნა მან.

ლაშა გვასალიამ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ცოტა ხნის წინ დატოვა. მან გულუას ქართული და რუსული სპეცსამსახურების პროექტი უწოდა. ამჟამად, გვასალია კოალიცია „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.





ბეჭდვა