გურამ ჩახვაძე ანდრია ურუშაძეს და დავით უსუფაშვილს დებატებში იწვევს
გურამ ჩახვაძე ანდრია ურუშაძეს და დავით უსუფაშვილს დებატებში იწვევს
13:46 04.09.2012
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ ჩახვაძე კონკურენტებს „ნაციონალური მოძრაობიდან“და  საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებიდან“ტელე-დებატებში იწვევს.
როგორც ჩახვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საჯარო დებატები კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ კონკურენტმა პარტიებმა ამომრჩეველს საკუთარი ხედვის სისწორე დაუმტკიცონ.

მისი თქმით, საჯარო დებატები თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს განსაზღვროს, რომელი მხარის პროგრამები და ხედვაა მისთვის მისაღები.

„აქედან გამომდინარე, საჯარო დებატებში ვიწვევ ჩემს კონკურენტებს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანდრია ურუშაძეს და „ქართული ოცნებიდან“ დავით უსუფაშვილს. მზად ვარ, ნებისმიერ ტელეარხზე დავჯდე მათ პირისპირ და დავასაბუთო თუ რატომ არ არის ღირსი მმართველი პარტია ამომრჩევლის ხელახალი ნდობის და რატომ არ შეიძლება დაუჭირონ მხარი „ქართულ ოცნებას“ - განაცხადა ჩახვაძემ.

მისი თქმით, ტელე-დებატების დროს პოლიტიკურმა ოპონენტებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, უმუშევრობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა და სხვა სოციალური თემები უნდა განიხილონ.

ჩახვაძის შეფასებით, ეს ის თემებია, რომლებიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერსებს და აღელვებს.
ედპ-ს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, კონკურენტებისგან უარი იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ ანდრია ურიშაძე და დავით უსუფაშვილი მაყურებლის თანდასწრებით, „ეროვნულ-დემოკრატებთან“ კამათს გაურბიან, რადგან მყარი არგუმენტები და მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ გააჩნიათ.

ბეჭდვა