ვანო მერაბიშვილი შტეფან ფულეს შეხვდა
ვანო მერაბიშვილი შტეფან ფულეს შეხვდა
11:26 04.09.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ბრიუსელში პირველი შეხვედრა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან გამართა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ევროკავშირთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისა და საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საკითხები განიხილეს.

„რა თქმა უნდა, შეხვედრაზე საქართველოსა და რეფორმების გაგრძელებაზე ვისაუბრეთ. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი კვლავ ევროპა და ევროპის სტრუქტურებში ინტეგრაცია იქნება“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების, უვიზო რეჟიმის შემოღების და საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებაზე ისაუბრეს.

„შევთანხმდით, რომ თავისუფალი ვაჭრობის ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო რეჟიმთან მიმართებაში სერიოზული პროგრესი გვაქვს. იმედი გამოვთქვით, რომ მომავალი წლის ბოლომდე აღნიშნული პროცესები დიდწილად დასრულდება“ - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და დასძინა, რომ საუბარი ასევე, საარჩევნო საკითხებსაც შეეხო.

მისივე თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ინტერესში შედის. მეორე მხრივ კი, ის ევროკავშირში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ვანო მერაბიშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ ასამბლეას დაესწო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შეხვედრა შედგა ასევე, ევროსაბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან.

შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვიც ესწრებოდა.


ბეჭდვა