საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლისთვის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის 1 ოქტომრამდე მისაცემად იურიდიული საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ
„ნიუსპრესს“ ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს ხმის მიცემის პროცედურას და არჩევნების დღის შეცვლის მიზეზს.
„არჩევნებს კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი ნიშნავს, თუ არჩევნების დღე შეიცვალა, ის უნდა შეიცვალოს ყველგან და ამისთვის გადაუდებელი და აუცილებელი მიზეზი უნდა არსებობდეს“ - განაცხადა ხარატიშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ კანონმდებლობა „ვიღაცისთვის ხმის სხვა დღეს მიცემის საშუალებას“ არ ითვალისწინებს.
„ერთადერთი გამონაკლისი საჯარისო ფორმირებების შემთხვევაა, როდესაც ჩვენ გვეძლევა უფლება, რომ ეს თარიღი განვსაზღვროთ და კოდექსი ამას პირდაპირ ამბობს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ეს არის ერთი და იგივე დღე საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც“ - განაცხადა ხარატიშვილმა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში არ არის სხვა რაიმე მექანიზმი არჩევნებამდე ხმის მიცემის საშუალების არსებობისა.
ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“ მოითხოვს, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება 1 ოქტომბრამდე მიეცეს, რადგან პირველი ოქტომბერი, რომელიც არჩევნების დღედ გამოცხადდა, ორშაბათია. სამუშაო დღეს კი, მათი განმარტებით, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ ექნებათ.
