მონიტორინგის შედეგად, რეგიონული მედია წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას ლოიალურად აშუქებს
მონიტორინგის შედეგად, რეგიონული მედია წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას ლოიალურად აშუქებს
18:20 03.09.2012
რეგიონული ტელეკომპანიების უმეტესობა წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენს - აღნიშნული შედეგი 2 ივლისიდან 26 აგვისტომდე „ინტერნიუსი-საქართველოს“ მიერ რეგიონული ტელეკომპანიების ახალი ამბების მონიტორინგმა გამოავლინა.

როგორც დღეს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედია ჯგუფისა და ცესკო-ს წარმომადგენლების შეხვედრაზე აღინიშნა, რეგიონული ტელეკომპანიები წინასაარჩევნოდ ყველაზე ხშირად ხუთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობას აშუქებდნენ და არ იყო წარმოჩენილი საარჩევნო სუბიექტთა ფართო სპექტრი.

ეს ხუთი პოლიტიკური სუბიექტია - „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“.

ტელეკომპანიების უმეტესობა დიდ დროს უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას, რაც თითქმის ყოველთვის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩინდება.

ამასთან, მონიტორინგმა დაადგინა, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული პროგრამები ზედაპირულად, დამატებითი არგუმენტაციის გარეშე და უმეტესად დადებითად შუქდება.

კვლევა 20 რეგიონულ ტელემაუწყებელზე განხორციელდა.

ბეჭდვა