ხელისუფლება დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილებს, იმ შემთხვევაში თუ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ, საცხოვრებელი ფართის ჩამორთმევით
ემუქრება. ამის შესახებ დღეს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ წყნეთში ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შავგულიძის თქმით, დევნილების ძირითად პრობლემას უმუშევრობა და მათი საცხოვრებელი ფართის გაურკვეველი იურიდიული სტატუსი წარმოადგენს.
მისი განცხადებით, დევნილები ამბობენ, რომ მათ ხელისუფლება ფართის საერთოდ ჩამორთმევით ემუქრება, თუ არჩევნებში მხარს მმართველ ძალას არ დაუჭერენ.
„ხელისუფლებას დაშინების რესურსის მეტი აღარაფერი დარჩენია, მათი დაპირებები მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ხალხს ისევ ატყუებენ“ - განაცხადა შავგულიძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ეს შიში უკვე გადალახა.
