საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებებისა,
სამხედრო წვრთნების „კავკასია 2012“ საქართველოს საზღვრის სიახლოვეს არ ჩატარებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სიფრთხილის საფუძველი მაინც აქვს.
როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამის საფუძველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული გამოცდილება ქმნის.
„ჩვენ სიფრთხილის საფუძველი ყოველთვის გაგვაჩნია გამომდინარე იქიდან, რომ გვახსოვს, როგორ იყო მათი რიტორიკა რეალურ ქმედებებთან დაკავშირებული. ამასთან, ასეთი ტიპის წვრთნები აქამდე ყოველთვის გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ტერიტორიაზე დარჩეს განსაკუთრებული შეიარაღება, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნება ცხელი კონფლიქტის დროს“ - განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ გამოცდილების თანახმად, 2008 წლამდე განხორციელებული ამ ტიპის წვრთნები ომის ხელსაყრელი საწინადარი გახდა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლების მთავარი ამოცანა საქართველოს საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაა.
გაზეთი „იზვესტია“ სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნების „კავკასია 2012“ გეოგრაფიული არეალიდან ჩეჩნეთის ტერიტორია ამოირიცხა და წვრთნები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს აღარ ჩატარდება.
