თორნიკე გორდაძე სლოვენიაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
თორნიკე გორდაძე სლოვენიაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
13:45 03.09.2012
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე სლოვენიის ქალაქ ბლედში  მიმდინარე სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, თორნიკე გორდაძე სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ სენჩარს და ევროპარლამენტარ ტანია ფაიონს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის და გაწევრიანების პერსპექტივები, ასევე ევროკავშირთან სავიზო და ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესის დინამიკა განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობასა და საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს.

ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს თორნიკე გორდაძემ და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. ქართულმა მხარემ კვლავ აღნიშნა ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების საქართველოში მუშაობის მნიშვნელობა.

სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ასევე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს და მეწარმეთა ხელშეწყობის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელობას.

მეშვიდე ყოველწლიურ საერთაშორიოს სტრატეგიულ ფორუმზე „ევროპა და შეცვლილი მსოფლიო წესრიგი“ გლობალური ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

ბეჭდვა