6-7 სექტემბერს საქართველოს აშშ-დან „რესპუბლიკელი“ სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯო ლიბერმანი ეწვევიან. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ
ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სენატორები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდებიან.
„ამ ვიზიტით ცალსახად გამოვლინდება საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერა, მათ შორის, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების აღიარება“-განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირა უცხოელი დიპლომატების ვიზიტებით დატვირთული იქნება. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, 5 სექტემბერს საქართველოში შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ორღიანი ვიზიტები დაიწყება, რომლის მთავარი მიზანი თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე სიტყვთ გამოსვლაა. ამავდროულად, უცხოელი სტუმრები შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის წევრებთან გამართავენ. მინისტრები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდებიან.
კალანდაძის განმარტებით, 6 სექტემბერს დაგეგმილია ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი.
5-8 სექტემბერს საქართველოს არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრიც ეწვევა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ მერაბიშვილს და თავის ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. შეხვედრა რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერთანაც გაიმართება, რომელზეც საუბარი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებას შეეხება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი მაღალი წარმომადგენლობის სტუმარი იქნება ლათინური ამერიკიდან. კალანდაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ლათინურ ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას განაპირობებს.
გარდა ამისა, საქართველოში დღეს ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრის სამდღიანი ვიზიტი დაიწყება. სტუმარი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან გამართავს.
თავის მხრივ, მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუმინეთის ამბასადორიალში მონაწილეობს და თავის რუმინელ კოლეგას შეხვდება.
