პოლიტიკური პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, „ქართული დასი“ არჩევნებზე რამდენიმე საარჩევნო ოლქში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დაუჭერს მხარს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ზუგდიდში „ქართული დასი“ მხარს დაუჭერს ირაკლი ალასანიას კანდიდატურას, რუსთავში - ზვიად ძიძიგურს, ხოლო ბათუმში მურმან დუმბაძეს.
„ამ ოლქებში ჩვენი კანდიდატები არ დაგვისახელებია, ამიტომ მხარს ვუჭრეთ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. რაც შეეხება ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტს მურმან დუმბაძეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოლქში დუმბაძემ გაიმარჯვოს“- განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, „ქართულ დასს“ სურვილი აქვს, რომ კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში ოპოზიციამ კანდიდატები არ წარმოადგინოს, რადგან ბაღათურიას შეფასებით, რეჟიმის დასამარცხებლად მხოლოდ ერთიანობაა საჭირო.
