საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი დებატებში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს დაუპირისპირდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი დებატებისთვის მზადაა.
„ივანიშვილმა, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა დებატებში გამოიწვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, რადგან ვიცით, რომ მისი ლიდერი სააკაშვილია. თუ შეიცვალა რამე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი უკვე სხვაა, გვითხრან და მაშინ ბიძინა ივანიშვილი დებატებში მას დაუპირისპირდება“- განაცხადა ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დებატებს, ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი არ არის პრემიერობის ის კანდიდატი, რასაც ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს.
აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილისა და მერაბიშვილის დებატებში დაპირისპირება, ხელისუფლების მხრიდან გაუგებარი მოთხოვნაა.
პრესსპიკერის განმარტებით, პრობლემაა ისიც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დებატებში მიწვეული ოთხი სუბიექტიდან, ორი „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატია და დებატებზე ცალკე პოლიტიკური სუბიექტებად არ უნდა გაფორმდნენ.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ ტელედებატები 30 აგვისტოს შესთავაზა.
ტელედებატებში მონაწილეობის უფლება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს.
