საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკო-ს მიერ მიწოდებულ რესურსებს დადებითად აფასებენ
საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკო-ს მიერ მიწოდებულ რესურსებს დადებითად აფასებენ
13:07 03.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა  საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების საქმიანობა ღიაობიდან და გამჭვირვალეობიდან გამომდინარე დადებითად შეაფასეს.

„ცესკო-ს რეგულარული სესიები საჯაროა, ხოლო შეხვედრის ოქმები, როგორც წესი, შეხვედრების დასრულებიდან 24 საათში კომისიის ვებ–გვერდზე ქვეყნდება“ - ნათქვამია ანგარიშში.

მისიის წევრების თქმით, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ქვედა დონეებზე საარჩევნო კომისიების დამოუკიდებლობასთან და მიუკერძოებლობასთან მიმართებაში შენიშვნები აქვთ.

„მათი აზრით, კომისიების დაკომპლექტების წესი მმართველ პარტიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, თუმცა, ისინი კომისიის წევრების დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებით კმაყოფილი არიან. საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით, ცესკო-ში მხოლოდ სამი საჩივარი შევიდა. ერთი საჩივარი დაკმაყოფილდა და პირი წარსულში ჩადენილი საარჩევნო დარღვევების გამო, კომისიიდან გაათავისუფლეს“ - აღნიშნულია მისიის ანგარიშში.

მისიაში მიიჩნევენ, რომ დღემდე ყველა გამოკითხულმა საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკო-ს მიერ მიწოდებული რესურსები დადებითად შეაფასა, მათ შორის, პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, არჩევნების განრიგი, ჩატარებული ტრენინგები და ა.შ.

„კომისიამ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქალი და ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო განათლების მხარდასაჭერად მცირე გრანტები გასცა. საარჩევნო სახელმძღვანელოები და ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ეთნიკური უმცირესობების ენაზეა ხელმისაწვდომი“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში წარმოდგენილია NDI-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებები. ანგარიში 3-27 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. მისიის წევრებმა 24 ოლქი მოინახულეს და 120-ზე მეტი შეხვედრა გამართეს მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

არჩევნების დღის მიმდინარეობას NDI დაახლოებით 20 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება.


ბეჭდვა