5-7 სექტემბერს თბილისში ამბასადორიალი გაიმართება, რომელშიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამბასადორიალის მიზანია მომავალი წლის გეგმებისა და პრიორიტეტების განხილვა და ცენტრსა და წარმომადგენლობებს შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ინსტრუქციების გაზიარება, ასევე, სხვადასახვა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.
კალანდაძის თქმით, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, რომლისგანაც შესაბამის დავალებებს მიიღებენ. ელჩები შეხვედრებს პრემიერთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთანაც გამართავენ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამბასადორიალს ბევრი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება, მათ შორის შვედეთის, პოლონეთის, არგენტინისა და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიმართავს, რომელიც საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით 6 სექტემბერს ეწვევა.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების გარდა, ამბასადორიალის მონაწილეები ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.
