NDI - ძირითადი კონკურენცია ორ უდიდეს და უმდიდრეს საარჩევნო მეტოქეს შორის მიმდინარეობს
NDI - ძირითადი კონკურენცია ორ უდიდეს და უმდიდრეს საარჩევნო მეტოქეს შორის მიმდინარეობს
11:00 03.09.2012
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო გარემო საქართველოში ხასიათდება როგორც პოლარიზებული.
როგორც NDI-ის ანგარიშშია აღნიშნული, ძირითადი კონკურენცია ორ უდიდეს და უმდიდრეს საარჩევნო მეტოქეს შორის მიმდინარეობს. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც აღიქმება, როგორც მნიშვნელოვანი სამთავრობო რესურსით მოსარგებლე სუბიექტი და ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, რომლის უკან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას.
NDI-ის შეფასებების თანახმად, შედარებით პატარა პარტიები აღნიშნავენ, რომ პოლარიზება და მათსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის რესურსებში შეუსაბამობა, მათთვის საარჩევნო კამპანიის ორგანიზებისთვის მცირე სივრცეს ტოვებს.

„ოპოზიციური პარტიები თუ სამოქალაქო საზოგადოების რიგი წარმომადგენლები ეჭვქვეშ აყენებენ მთავრობის უნარს, შეინარჩუნოს ნეიტრალური როლი. ოპოზიციური პარტიები მუდმივად აღწერენ შემთხვევებს, სადაც მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიის ღიად მხარდაჭერის შემთხვევაში, კარგავენ სოციალურ შემწეობას, პენსიას, ხდება მათი შევიწროება და/ან ბიზნესის დაჯარიმება. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან ჩარევის მაგალითები ფართოდ გავრცელებული გადაცდომების შესახებ, დაუსაბუთებელ ბრალდებებში გადადის, რთულია განასხვავო, მოყვანილი მაგალითები მიმდინარე საარჩევნო ციკლიდან არის თუ წარსულის გამოცდილებას ემყარება“ - ნათქვამია შეფასებაში.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჭორები და დაუსაბუთებელი ბრალდებები კანდიდატების, პარტიებისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტირების მიზნით კამპანიის ხერხებად გამოიყენება. „ქართული ოცნების“ მიერ მათი მომხრეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად წარმოდგენილმა ვიდეომ ცხადყო, რომ ძალადობას მართლაც ჰქონდა ადგილი კარალეთსა და მერეთში, თუმცა, იმავე ვიდეოში არ ჩანს, თუ ვინ მოახდინა კონფლიქტის ინსპირირება. „ქართული ოცნების“ ორმა ფართომასშტაბიანმა აქციამ ბათუმსა და რუსთავში ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა, კვლავ გრძელდება ცალკეული ძალადობრივი ქმედებები.

„ეს ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ორი უდიდესი საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთის მტერია და არა პოლიტიკური მოწინააღმდეგე ან საარჩევნო ოპონენტი. ორივე მხარემ გვერდზე უნდა გადადოს მტრობა და მოახდინოს ძალადობის პრევენცია, ხოლო ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს კანონის თანაბარი აღსრულება და კანონდამრღვევთა დასჯა“- ნათქვამია ანგარიშში.

მასში ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებზეცაა ყურადღება გამახვილებული და აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ისმის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, სოფლის რწმუნებულების ან პოლიციის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლის განხორციელების უამრავი ბრალდება. მსგავსი მაგალითები მოყავთ დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსაც. ასეთი ბრალდებები უფრო ჭარბობს მცირე, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ვიდრე ურბანულ ცენტრებში.

მისია მიიჩნევს, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები მიუკერძოებელი ადმინისტრაციისა და კანონის აღსრულების მიმართულებით. ასევე მხარეებმა, რომლებიც საუბრობენ მსგავს ბრალდებებზე, უნდა წარმოადგინონ ადეკვატური დოკუმენტაცია თავისი ბრალდებების გასამყარებლად.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე ტრადიციულად საინფორმაციო ვაკუუმში მყოფ ეთნიკურ უმცირესობებსაც მიმართავენ. ეს მიდგომა, სავარაუდოდ, გაზრდის კონკურენციას უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

ბეჭდვა