საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ახალ ბულვარში სტადიონის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
ცერემონიაში მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილმა ბავშვებთან ერთად მიიღო.
როგორც მან აღნიშნა, მთავარია ქვეყანაში ყველაფერი აშენდეს და არავინ არაფერი დაანგრიოს.
მისი თქმით, ბათუმის სტადიონის ძირითადი ნაწილი ასლან აბაშიძემ დაანგრია, რომ ბევრი ხალხი არ შეკრებილიყო.
„ბათუმს ამდენი ხანია სტადიონი არ ჰქონია. ბათუმელებს ყველაფერი სჭირდება. ყველა ბათუმელის სახლში იქნება წყალი, რაც არ არის ჯერ კიდევ. ადგილობრივებს სჭირდებათ დასაქმება, მაგრამ ამისთვის ბათუმი უნდა გაიზარდოს და განივრცოს“ - განაცხადა სააკაშილმა.
მისი თქმით, ბათუმის ბულვარი ადრე 2,5 კილომეტრი იყო, ახლა კი - 18 კილომეტრი იქნება.
ბათუმის ახალი სტადიონი 35 000 მაყურებელს დაიტევს. მისი მშენებლობა წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს.
