საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში მყოფ ახალგაზრდებს განათლების სისტემაში არსებულ ცვლილებებზე ესაუბრა.
პრეზიდენტი სწავლის დაფინანსების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ აბიტურიენტს, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახა, თუმცა, სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვს, შეუძლია თავდაცვის სამინისტროს მიმართოს, 12 თვიანი სამხედრო სამსახური გაიაროს და 4 წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო დაუფინანსებს.
მისივე თქმით, მათ, ვინც მინიმალური ზღვარის გადალახვაც ვერ შეძლო, შედეგის გაუმჯობესება მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ.
„განათლების სისტემაში საინტერესო ცვლილებები გვაქვს. ამიერიდან, გამოცდები იქნება ყოველთვიურად. თვეში ერთხელ შეგეძლებათ საგამოცდო ცენტრში მისვლა და ამ საგნების ჩაბარება. ზუსტად იგივე მიდგომა გვაქვს პედაგოგებთან მიმართებაში. მათაც შეეძლებათ ასე ჩაბარება“- აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა ბარიერი გადალახა, მაგრამ სახელმწიფო გრანტი ვერ მოიპოვა, შესაძლებლობა მიეცემა სახელმწიფო სასწავლებლებში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს საგნები გადააბაროს და შედეგი გაიუმჯობესოს.
„თუ პირველ წელს მოგიწევთ საფასურის გადახდა, მაგრამ გექნებათ საუკეთესო აკადემიური შედეგები, მეორე წელს შესაძლებელი გახდება 100%-იანი გრანტის მოპოვებაც“- აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო ყველას სთვაზობს 12 თვე ჯარში სამსახურს, რის შემდეგაც ოთხი წლის განმავლობაში სწავლის საფასურს სამინისტრო გადაიხდის, ხოლო თუკი აბიტურიენტი ორწლიან სამხედრო სამსახურს გაივლის, მაგისტრატურის დაფინანსების შესახებ სახელმწიფო კონტრაქტს გაუფორმებს.
„სადაც უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში, ჩვენ ყველას უნდა მივცეთ შესაძლებლობა წარმატებას მიაღწიოს და გაეხსნას ახალი პერსპექტივა“ - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
