პრეზიდენტის თქმით, ლაზიკის პორტი და ადმინისტრაცია სექტემბერში გაიხსნება
პრეზიდენტის თქმით, ლაზიკის პორტი და ადმინისტრაცია სექტემბერში გაიხსნება
10:20 02.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ ახალი ქალაქის ლაზიკის მშენებლობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საზოგადოების აქტიურად ჩართვა აუცილებელია.

პრეზიდენტის თქმით, ახალი ქალაქი ქართველმა სპეციალისტებმა უნდა ააშენონ და ამისთვის ქვეყანას ყველა სფეროში ბევრი ახალი სპეციალისტი სჭირდება.

მისივე თქმით, დაახლოებით, ერთი კვირის წინ ლაზიკის პორტის მშენებლობა დაიწყო, ლაზიკის მერია და პორტის ადმინისტრაცია კი, სექტემბერში გაიხსნება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს იქნება ლაზიკის ცენტრი, რომლის გარშემოც განვითარდება ქალაქი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ძალიან აქტიურად ჩაერთოს ლაზიკის მშენებლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აქ სემინარებს, საჯარო დებატებს, სატელევიზიო განხილვებს გავმართავთ. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც აშენებს ახალ ქალაქს. ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ ისეთი მეთოდებით, როგორც ეს სხვადასხვა ადგილზე ხდება, ცენტრალიზებული, ერთ კაცზე დამყარებული რეჟიმებისა თუ მთავრობების პირობებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც კოლექტიური, ხალხის მმართველობაა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ბეჭდვა