ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ადასტურებს, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 11 პირიდან, სამი ნამდვილად პანკისის ხეობიდან იყო.
როგორც „ნიუსპრესს“ მამუკა არეშიძემ განუცხადა, ისინი სოფელ დუისის მკვიდრები - ბაჰაუდი ბაღაკაშვილი, ასლან გუმაშვილი და ბაჰაუდი ალდამოვი იყვნენ. რაც შეეხება მეოთხეს, ჯოყოლოელ ბუთოშვილს, ექსპერტი ჯერჯერობით ვერ აზუსტებს არის თუ არა ის პანკისელი ქისტი.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. შეიძლება ასეა, რადგან პირველი სამი ავსტრიიდან არის ჩამოსული. არიან თუ არა ისინი საქართველოს მოქალაქეები არაფერს ნიშნავს, რადგან აქ, პანკისის ხეობაში არიან დაბადებულები და გაზრდილები. ისინი ქისტები არიან და მათი ოჯახები აქ ცხოვრობენ“- განაცხადა არეშიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 პირიდან საქართველოს მოქალაქე არც ერთი არ არის.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, საქართველოს ტერიტორიაზე დივერსანტთა დაახლოებით 20-კაციანი ჯგუფი გადმოვიდა, რომლებმაც მძევალთა სამი ჯგუფი აიყვანეს. მათ წინააღმდეგ ქართველმა ძალოვნებმა რამდენიმედღიანი სპეცოპერაცია განახორციელეს, რომლის შედეგადაც ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს. სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია ჯგუფის 11 წევრი, ნაპოვნია მათი გვამებიც. შსს-მ შესაბამისი ვიდეომასალაც გაავრცელა.
„ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული გადაადგილდება, ადამიანებს იტაცებს, მძევლები აყავს, არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს კლავს - სახელმწიფოს რეაქცია იქნება ისეთი, როგორიც იყო“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა.
