საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც არჩევნების დღეს ცესკო რამდენიმე საათით დაიხურება - უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არარსებულ ფაქტებზე აპელირება და მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას იწვევს და საარჩევნო გარემოს აუარესებს.
„სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ საქმე საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის არცოდნასთან გვაქვს. მომავალში მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ბიძინა ივანიშვილს ვთავაზობთ, ორშაბათს, 3 სექტემბერს, ცესკო-ში მობრძანდეს და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას უშუალოდ გაეცნოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკო-ს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა 31 აგვისტოს „მე-9 არხის“ ეთერში, გადაცემა „მთავარ კითხვაში“ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ცესკო ერთი ან ორი საათით დაიხურება, კომისიის წევრებს გარეთ გამოუშვებენ, უწყისებს გადაწერენ და შემდეგ არჩევნების შედეგებს დადებენ.
