„ქართულმა ოცნებამ“ სიების დაზუსტების კომისიაში პარალელური „კარდაკარისას“ აღმოჩენილი დარღვევების ფაქტები წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ სიების დაზუსტების კომისიაში პარალელური „კარდაკარისას“ აღმოჩენილი დარღვევების ფაქტები წარადგინა
11:26 01.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში პარალელურად ჩატარებული „კარდაკარისას“ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ფაქტები წარადგინეს.

თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კომისიაში 25 ათასამდე განაცხადი შეიტანა.

ქუცნაშვილის განცხადებით, მონაცემები როგორც სიაში აღმოჩენილ გარდაცვლილებს, ასევე გამორჩენილ, მიწერილ და საზღვარგარეთ წასულ ამომრჩეველს მოიცავს.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს და პარტიას კომისიაში, ამომრჩეველთა სიაში აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ ინფორმაცია 1 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია წარადგინოს. აგვისტოს მეორე ნახევარში, სახელმწიფო კომისიის მიერ შემოსული „კარდაკარის“ შედეგები გადმოგვეცა, რომელიც ჩვენ სასწრაფო წესით გადავამოწმეთ“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, მარტო ზუგდიდში 4 000 უზუსტობაა აღმოჩენილი, რომელიც სახელმწიფო კომისიამ ვერ დააფიქსირა.

კანონის მიხედვით კომისიამ აღმოჩენილ უზუსტობაზე დასაბუთებული პასუხი 2 დღის ვადაში უნდა გასცეს. ზაქარია ქუცნაშვილის ამ მოთხოვნას ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის გაღიზიანება მოჰყვა.
კაციტაძის თქმით, გამოქვეყნებულ ერთიან სიაში მსგავსი ცვლილებები აისახება, განცხადებებზე პასუხის გაცემას კი არ აპირებენ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კომისიის თავმჯდომარე მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს.

ბეჭდვა