პრემიერმა სადაზღვევო პოლისების ამოქმედებასთან დაკავშირებით სპეციალური თათბირი გამართა
პრემიერმა სადაზღვევო პოლისების ამოქმედებასთან დაკავშირებით სპეციალური თათბირი გამართა
19:21 31.08.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ხვალ ჯანმრთელობის ახალი სადაზღვევო პოლისების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური თათბირი გამართა.

შეხვედრას სადაზღვევო კომპანიების, წამყვანი კლინიკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრემიერის თქმით, 1 სექტემბრიდან კლინიკებში მიმართვიანობა გაიზრდება, ამიტომ, საავადმყოფოები ამ გამოწვევას მომზადებულნი უნდა შეხვდნენ.

„ძალიან ბევრი პენსიონერის, ბავშვისა და სხვა ჯგუფის წარმომადგენელთა დაზღვევა ძალაში ხვალიდან შედის. ძალიან ბევრ პენსიონერს წლების განმავლობაში არ ჰქონდა საშუალება საავადმყოფოთვის მიემართა და სამედიცინო მომსახურება მიეღო“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ამ პროცესს ბევრი მოქალაქე ელოდებოდა, რომელთა კლინიკებში მიმართვიანობამ, შესაძლოა, რიგები გამოიწვიოს.

„მესმის, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოქალაქეთა დიდი ტალღა უმტკივნეულოდ გადავიტანოთ. სადაზღვევო კომპანიებისთვის ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარება გაგიწიოთ“ - აღნიშნა პრემიერმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრემიერ-მინისტრს ანგარიში ჩააბარა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ბოლო 2 კვირის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, ტრენინგების საშუალებით 300-ზე მეტი მონიტორი გადამზადდა, რომლებიც პოლიკლინიკებში განაწილდებიან.

„მონიტორები კლინიკებსა და საავადმყოფოებში რიგების წარმოქმნის შემთხვევაში მათი მართვისთვის განთავსდებიან. ისინი, ასევე, მოქალაქეებს აუხსნიან, თუ რას ფარავს მათი სადაზღვევო პოლისი“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და აღნიშნა, რომ დაზღვეულებმა პირადობის მოწმობა და სადაზღვევო პოლისი უნდა იქონიონ თან.

მინისტრის თქმით, მონიტორების გარდა, დიდ ქალაქებში მობილური ჯგუფებიც იმოძრავებენ, რათა ყველა პრობლემაზე, რომელიც ხვალ დილიდან შეიძლება წარმოიქმნას რეაგირება დროულად მოახდინონ.

პოლისი ამბულატორიული მომსახურებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს სრულად დაფარავს. გათვალისწინებულია ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის თანხა.

საქართველოს მოქალაქეები დაზღვევის პოლისით სარგებლობას ხვალიდან შეძლებენ. სადაზღვევო მომსახურებით 600 ათასამდე პენსიონერი ისარგებლებს. პოლისი 100 ათასამდე სტუდენტს და 5 წლის ჩათვლით, ყველა ბავშვს დაურიგდა.

ბეჭდვა