საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერს დავით ბაქრაძეს ტელედებატებში დაუპირისპიდება.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კალაძე მზადაა დებატებში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა, არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებული ფორმატით.
„კახა კალაძე დებატებში მონაწილეობას მიიღებს ოღონდ გარკვეული წესების დაცვით. გუშინ პირველი არხი მწერდა რაღაც აბდაუბდას, რომ დებატები წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. შეეშვან თვალთმაქცობას და დებატები ნორმალური ფორმატით ჩაატარონ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მან კალაძის სიის პირველ ნომრად წარდგენის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ კალაძე პოლიტიკაში ახალი სახეა და ხალხი, მისი თქმით, ახალ სახეებს ითხოვს.
„კალაძე ძალიან თავდადებულია. ის ბევრს იმსახურებს თავისი წარსულით. ამასთან, იგი ახალი სახეა ისევე, როგორც სიის მეორე ნომერი მანანა კობახიძე და საერთოდ ხალხი ახალ სახეებს ითხოვს“ -აღნიშნა ივანიშვილმა.
