საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ნინოწმინდაში „საქართველოს მფრინავთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ალბერტ ნურბეკიანი იქნება, ხოლო მარნეულში - ისტორიკოსი და ფერმერი მახირი დარძიევი.
როგორც ბლოკის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარების წარდგენისას განაცხადა, ორივე რეგიონი რთულია და საარჩევნოდ სერიოზული ბრძოლა გაიმართება.
„ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, რომ აქ, საქართველოში გადაილახოს ის პრობლემა, რაც არსებობს ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას კარგი პრეცედენტი ამ ორი ერის ძლიერი მეგობრობის და „ამით დაიწყოს სახელმწიფოებს შორის პრობლემის მოგვარება“.
როგორც ნურბეკიანმა განაცხადა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ეთნიკურად როგორც სომხურმა ისე აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი.
