კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ წამოყენებულ ექვს მოთხოვნას მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, ივანიშვილის მოთხოვნები უსაფუძვლოა, რაც მმართველ გუნდს იმ ეჭვის საფუძველს უჩენს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა, არამედ არჩევნების შემდეგ არეულობის გამოწვევაა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განუხრელად დაიცვას კანონმდებლობის მოთხოვნები, მათ შორის, პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ - აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა და „ქართულ ოცნებას“ მიმართა, თავი შეიკავოს სიძულვილის ენის გამოყენებისგან და აღიაროს არჩევნების შედეგები, რომელიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და მიუკერძოებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იქნება აღიარებული.
ბიძინა ივანიშვილმა 30 აგვისტოს საერთაშორისო საზოგადოებას საგანგებო წერილით მიმართა. წერილში ივანიშვილი აცხადებს, რომ მზადაა არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას ხელი დღესვე მოაწეროს იმ პირობით, თუ ხელისუფლება მის ექვს მოთხოვნას დააკმაყოფილებს. კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ დღეისთვის არსებულ ვითარებაში საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
