„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დოკუმენტის თანახმად, მმართველი პარტიის მიზნებისთვის თანამშრომელთა გამოყენება ფიქსირდება
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დოკუმენტის თანახმად, მმართველი პარტიის მიზნებისთვის თანამშრომელთა გამოყენება ფიქსირდება
14:17 31.08.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვარტალური დოკუმენტის - „სამუშაო ბარათი“ მიხედვით, სახელმწიფო ორგანოების მიერ თანამშრომელთა მმართველი პარტიის მიზნებისთვის გამოყენება ფიქსირდება.

„სამუშაო ბარათის“ თანახმად, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს მმართველი პარტიის მხარდამჭერების სიის შედგენა დაევალათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.

კვარტალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ხშირად ფიქსირდება აგრესიული დამოკიდებულება
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან.

„დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. იყო ასევე, მათი მხრიდან ოპოზიციური პარტიისთვის შეხვედრისთვის ხელის შეშლის მცდელობები“ - ნათქვამია დოკუმენტში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არასაარჩევნო წლებისგან განსხვავებით, არჩევნების წლებში საჯარო სახსრების ხარჯვა მოკლევადიან სოციალურ პროგრამებზეა ფოკუსირებული.

კვარტალურ დოკუმენტში კონკრეტული რეკომენდაციებიცაა მოცემული. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებისგან. ასევე, მთავრობის მოხელეთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის და ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ყველა ფაქტი გამოიძიოს.

„სამუშაო ბარათში“ ქვეყნის იმ ძირითადი სფეროების შემაჯამებელი შეფასებებია მოცემული, რომელთა დახვეწა და განვითარება ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გარანტი იქნება.

ბეჭდვა