პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეული დაასახელა.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიამ საარჩევნო სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე წარადგინა.
სიის პირველი ნომერი თავად დავით გამყრელიძეა, მეორე - ფიქრია ჩიხრაძე, მესამე - მამუკა კაციტაძე, მეოთხე - მანანა ნაჭყებია, მეხუთე - რეზი სოხაძე, მეექვსე - გიორგი ასათიანი.
„მემარჯვენეების“ სიის მეშვიდე ნომერი ლევან კალანდაძეა მერვე - გოგა ლორთქიფანიძე, მეცხრე - ირინა ფრუიძე, მეათე კი - მამუკა მღვდელაძე.
„დღეს ჩვენ წარვადგინეთ პარტიული სია 149 კანდიდატით დაკომპლექტებული, რომელშიც 44 ქალბატონია. კანდიდატები წარვადგინეთ არა მათი ცნობადობის, არამედ მათი პროფესიონალიზმის მიხედვით“ - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი განმარტებით, სიაში შესული პიროვნებები, მხოლოდ პოლიტიკით არიან დაკავებული. გამყრელიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში სხვა საქმიანობით დაკავებული ადამიანების მარგი ქმედების ეფექტიანობა დაბალია.
