თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ დეპუტატი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია საკრებულოს წევრებს კრწანისში არსებულ პრობლემებზე რეაგირებას სთხოვს.
როგორც ზაზა გაბუნიამ დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კრწანისში დაგროვილი პრობლემების მიზეზი ხელისუფლების უყურადღებობაა.
მისი თქმით, კრწანისელებს, როგორც ზოგადი ისე ლოკალური, კონკრეტულ ოჯახებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
„ინტენსიურად ვხვდები კრწანისის მოსახლეობას. ისეთი პრობლემები გამოიკვეთა, რომელთა მოგვარებისთვის საკმარისი ნება და სურვილი ხელისუფლებამ არ გამოავლინა. კრწანისელებისთვის მათი საცხოვრებელი გარემო, ავარიული სახლები, გაუმართავი სანიაღვრე ქსელები პრობლემას წარმოადგენს“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, კრწანისში მცხოვრები ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელ სახლებს ვერ ირეგისტრირებენ. ასევე, წყალდიდობით დაზარალებული კრწანისელები კომპენსაციას ვერ იღებენ და მათი სახლების აღდგენაც არ ხდება.
