ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გამყალბებლების შესახებ მასალას სასამართლოს წარუდგენს
ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გამყალბებლების შესახებ მასალას სასამართლოს წარუდგენს
12:28 31.08.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არჩევნების გამყალბებლების წინააღმდეგ მასალას დამოუკიდებელ სასამართლოს წარუდგენს.

როგორც ივანიშვილმა „მაესტროს“ ეთერში აღნიშნა, დღეს ძალიან ბევრია გაყალბების მექანიზმში ჩართული, რაზეც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი რეაქცია აქვს.

„ძალიან ბევრზე ვიცით ვინ, რას და როგორ აკეთებს. დღეს ხელისუფლება მიზანმიმართულად ახერხებს საზოგადოების გაღატაკებას, რომ შემდეგ არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენოს. არჩევნების არცერთ გამყალბებელს, რომელიც ხელისუფლებისგან სანაცვლოდ 300 ლარს იღებს, ამას არ ვაპატიებთ. საფასურად, შეიძლება თავისუფლება დაკარგონ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ვისაც შეგნება არ ყოფნის იმან უნდა ისწავლოს, რომ კანონი არსებობს და საკუთარი შვილების მომავალი 300 ლარად არ უნდა გაყიდოს.

„არჩევნების გამყალბებლების შესახებ უამრავი მასალა გვაქვს, რომ მათ დასასჯელად დამოუკიდებლ სასამართლოს წარვუდგინოთ. დღეს აბსოლუტური უმრავლესობა კანონს არღვევს. ამიტომ მოვუწოდებ მათ - ვიდრე დროა, გაჩერდნენ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, სწორედ ამიტომ აკეთებს „ქართული ოცნება“ მოწოდებებს, რომ კანონის ყველას ეშინოდეს.

ბეჭდვა